ვოლსკი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს აკრიტიკებს – მერაბიშვილის მოადგილის უმწიკვლობაზე საუბარი არ შეიძლება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავასთან კოლეგების შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა ასეთი მძიმე შემთხვევა მოხდა, არ შეიძლება საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანო, თუმცა, მისივე შეფასებით, არც ის არის გამართლებული, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის უმწიკვლობაზე საუბრობენ. აღნიშნულ საკითხზე გია ვოლსკიმ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„არ შეიძლება, ილაპარაკო იმ ადამიანის უმწიკვლო წარსულზე, რომელიც შენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ სამართალდამცავთა ჯგუფშია. ვეთანხმები დეპუტატ ლუკა კურტანიძის პათოსს, რომ თანაგრძნობის გამოხატვა ბუნებრივია, თუმცა პოლიტიკური თემის შემოტანა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ვანო მერაბიშვილის მოადგილის უმწიკვლობაზე გაკეთდა აქცენტი. სამწუხაროდ, ტრაგიკულ ფაქტზე ვლაპარაკობთ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პოზიციები ძალიან ფერმკრთალდდება იმ ოჯახის უბედურებასთან შედარებით. რომელ პოლიტიკურ დებატებზე ვსაუბრობთ, როდესაც ცოცხალი ადამიანი აღარ არსებობს ან მეორემ, ლევან გვაზავამ, წინასწარი მონაცემებით, თვითმკვლელობა სცადა. ესეც დიდი ტრაგედიაა ოჯახისთვის. ლუკა კურტანიძეს ვეთანხმები – არ შეიძლება, ამ შემთხვევაში ილაპარაკო ადამიანის უმწიკვლო წარსულსა ან აწმყოზე, როდესაც იმ სამართალდამცავთა, თუ ადამიანის უფლებათა დამცავთა ჯგუფშია, რომელსაც პოლიტიკურად უპირისპირდები. ალბათ, მინისტრის მოადგილემაც, მინისტრმაც მომავალში გამოსვლის დროს ხაზი უნდა გაუსვან იმას, რომ ამ შემთხვევაში მათ პოლიტიკურ კრედოს მნიშვნელობა არ აქვს;
ჩვენ – ყველანი ადამიანები ვართ და გულწრფელად თანაუგრძნობენ იმ ადამიანის ოჯახს, რომელსაც წლების განმავლობაში იცნობენ. რამდენად უმწიკვლო იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილე, რამდენად პატიოსანი საქმეებით იყო დაკავებული, ეს მეორე საკითხია. ჩვენ ვცხოვრობთ ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში, სტუმარ-მასპინძლის ავტორის პრინციპებით ვართ გაზრდილი, კიდევ ბევრი სხვა პრინციპი არსებობს, რომელიც სულგრძელობას გვავალებს. აქედან გამომდინარე, ვხედავ რესურსს და საფუძველს განცხადებებისა, რომელიც მინისტრის მოადგილემ და მინისტრმა გააკეთეს, მაგრამ ვფიქრობ, შეცდომაა ის, რომ მაინცდამაინც უმწიკვლოებაზე და პატიოსნებაზე ვისაუბროთ. ადამიანური ფაქტორი ჩვენთვის ყველასთვის ერთია, მაგრამ აქ პოლიტიკური თემის შემოტანა მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც ვანო მერაბიშვილის მოადგილის უმწიკვლობაზე გაკეთდა განცხადება”, – აღნიშნა ვოლსკიმ „კვირას“ პრესკლუბში.
შეგახსენებთ, რომ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ლევან გვაზავას მკურნალობენ, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილი იმყოფებოდნენ. როგორც გამეზარდაშვილმა განაცხადა, ლევან გვაზავა წესიერი კაცია და მასზე მუქარა არ შეიძლებოდა ყოფილიყო. აღნიშნული შეფასება დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ გააკრიტიკა. მისი შეფასებით: ის, რაც მოხდა ოქროყანაში, ადამიანურად მართლაც სამწუხაროა, მით უმეტეს, მათი ოჯახის წევრებისათვის. მაგრამ არ და ვერ გავიგე ზოგი მინისტრის ფორიაქი და საქვეყნოდ პოზიციის დაფიქსირება! უფრო ვერ გავიგებ შს მინისტრის მოადგილის შეფასებას, ვინ იყო და არის პატიოსანი და უმწიკვლო წარსულის?! მერაბიშვილის მოადგილე? ეგებ მერაბიშვილიც უმწიკვლოა და ტყუილად ზის ციხეში?! ამ უაზრო პოზიციების დაფიქსირებისა და შეფასების შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია! დანარჩენს კი შიგნით გავარკვევთ! თან აუცილებლად გავარკვევთ!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები