“სტოლტენბერგის ვიზიტი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო–ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება” (ვიდეო)

ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო–ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერ–მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნატოს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნატო–ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე. პირისპირ გამართული შეხვედრიდან მხარეებმა გაფართოებულ შეხვედრაზე გადაინაცვლეს, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები