ზურაბ აბაშიძე რკინიგზის მშენებლობაზე: პროვოკაციად არა, ამას უკანონობად ვაფასებ
პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაწყებულ რკინიგზის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონობაა.
„პროვოკაციად არ ვაფასებ ამას. ვაფასებ უკანონობად. ეს არის სრული უკანონობა, საერთაშორისო სამართლის სრული უგულვებელყოფაა ის, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არანაირად არ არის, რომ ჩვენს გარეშე ხდება ეს ყველაფერი, რომ იგნორირებულია ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პრინციპები. ამის გაჩერების საშუალება ჩვენ რეალურად არ გვაქვს. თუ დავიწყებთ ამის განხილვას, პასუხი რუსეთის მხრიდან იქნება ფორმალური, რომ თუ თქვენ ეს გაინტერესებთ, ამის შესახებ ესუბრეთ აფხაზებს და აფხაზებთან ჩვენ ამის თაობაზე არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა აბაშიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერლმა დიმიტრი ბულგაკოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთი რკინიგზის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ოჩამჩირის მონაკვეთის აღდგენა ენგურის ხიდამდე. ადგილზე 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა და სამხედროები მუშაოებენ. მისივე თქმით, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და მას ჰუმანიტარული მიზნები აქვს.