თუშეთში სტიქიის გამო ჩარჩენილი ტურისტების გამოყვანა მიმდინარეობს
თუშეთში სტიქიის გამო ჩარჩენილი ტურისტების გამოყვანა მიმდინარეობს, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.
ოპერაციას კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ხელმძღვანელობს. ვერტმფრენებმა რამდენიმე ათეული ადამიანი სტიქიის ზონიდან ახმეტისა და თელავის მიმართულებით გადაიყვანეს.
„ჩვენ ვერტმფრენებით დავიწყეთ ტურისტების გადმოყვანა. 2 ჯგუფი უკვე წამოვიდა – დაახლოებით 45 ადამიანი უკვე გადმოყვანილია. ახლა ველოდები მესამე შემოფრენას, რომ დაახლოებით 25 ადამიანი დავსვათ და ეტაპობრივად გადმოგვყავს ხალხი. ტურისტების ნაწილმა თქვა, რომ ფეხით გადასვლა ურჩევნიათ და მათ რეინჯერები გადმოაცილებენ. ასე რომ, ამ დროისთვის ნორმალური სიტუაციაა. თვითონ ვხელმძღვანელობ პროცესებს და სამუშაოები მიმდინარეობს“, – განუცხადა შიოლაშვილმა „იმედს“.
პარალელურად, თუშეთის გზის დაზიანების ხარისხის შეფასების პროცესი მიმდინარეობს. დაზიანებულია დაახლოებით 500 მეტრიანი მონაკვეთი. კახეთის რეგიონში 21 აგვისტოს, ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ამ მიმართულებით დროებით შეჩერებულია.