კახა კალაძე: გავიდა დრო, როცა ქვებივით მიმოვფანტეთ ურთიერთობები, დადგა დრო, ქვების შეგროვება დავიწყოთ

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, წლების მანძილზე ენგურჰესი აფხაზებთან ერთ-ერთი დამაკავშირებელი ფაქიზი კომუნიკაცია და სოციალური, საქმიანი ურთერთობების ხელმოსაჭიდი კავშირი იყო. ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა დღეს ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონიალზე გააკეთა და ენგურჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობა აფხაზებთან. წლებია ენგურჰესი იყო ერთერთი, შეიძლება ითქვას – ერთადერთი დამაკავშირებელი ფაქიზი კომუნიკაცია, რაღაც ადამიანური, სიციალური, საქმანი ურთერთობების ხელმოსაჭიდი კავშირი. მინდა ავღნიშნო კაშხლის პერსონალის, მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომა, რისკი, და რაც მთავარია, მაღალი პროფესიონალიზმი. მათ ჩატეხილი ხიდის ერთადერთი პლაცდარმი შეუნარჩუნეს ენგურს გაღმა-გამოღმა გაზრდილ უკვე ახალ თაობებს“, – განაცხადა კალაძემ.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური, კულტურული თუ სპორტული კომუნიკაციები, ქართველი და აფხაზი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს შორის ჩატეხილი ხიდის გამთლიანების დასაწყისს შეუწყობს ხელს. „მე იმედი მაქვს, რომ ეკონომიკური, კულტურული თუ სპორტული კომუნიკაციები ხელს შეუწყობს ჩატეხილის გამთლიანების დასაწყისს. საშუალებას მისცემს შვილების თაობას, მამების შეცდომები გამოასწოროს, და ახალი ფურცლიდან დაიწყონ წერა ურთიერთობის, უახლესი ისტორიის – ისტორიის, რომელიც დასაბამიდან დღემდე ერთი გვქონდა და კვლავაც ერთი უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ენერგეტიკის მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ქართულ-აფხაზურ პერსონალს მადლობა გადაუხადა.

„მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო საერთშორისო ორგანიზაციებს უკვე მშვიდობიანობის პერიოდში კაშხლის და მთლიანად ჰესის სარეაბილიტაციო, კვლევითი- ჩატარებული თუ დაგეგმილი სამუშაოების ორგანიზებისთვის. მადლობა ქართულ, აფხაზურ პერსონალს აქაურობის მოვლა-პატრონობასა და საქმიანობის წარმატებულად განხორციელებისთვის. სამოქალაქო, პროფესიული გმირობა – ეს არის მოვლენა ჩვენს რეალობაში და ამას მაქსიმალური პროპაგანდა – ამ სიტყვის ყველაზე კარგი, პოზიტიური და შემეცნებითი გაგებით უნდა გავწიოთ ყველამ, ნებისმიერმა მოქალაქემ.
გავიდა დრო, როცა ქვებივით მიმოვფანტეთ ურთიერთობები, ადამიანები, სოცოცხლე. დადგა დრო, ქვების შეგროვება დავიწყოთ. ჩვენ ამ ქვებით, ამ ადამიანური ურთიერთობების, ყოველდღიურობაში, მშვიდობიანობისას აღმოჩენილი გმირებით და ახალი თაობებით ავაშენებთ ზუსტად ისეთივე სახლს – საერთო სახლს, როგორიც ნებისმიერი პატრიოტის და თავის ხალხზე შეყვარებული ქართველის, აფხაზის თუ ნებისმიერი სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქის ოცნებაა. ჩვენ – ყველანი საუკუნეები ვცხოვრობდით ერთად, საერთო გზა გამოვიარეთ და ეს გზა კვლავაც ერთად უნდა განვვლოთ. ამ გზას ისევ და ისევ გაანათებს ენგურჰესი და ის იქნება მოწმე დიდი ერთობის და დიდი მიტევების, დიდი შრომის და დიდი პროფესიონალიზმის“, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები