ქრთამის აღების ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი დააკავეს (ვიდეო)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფოს კუთვნილი სს „საქართველოს რკინიგზის“ აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს ელექტრომომარაგების რაიონის უფროსი, გრიგოლ კაჭარავა დააკავეს.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული ფართის სათანადო ხელშეკრულების გარეშე, უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 აშშ დოლარი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.