საბაჟო საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო პროცედურების გავლის დროს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გევორგ კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) მეექვსე სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, 40 აბი „პირალგინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,32 გრ ნარკოტიკულ საშუალება კოდეინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი საბაჟო – გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოჰქონდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები