გია სოსანაშვილის საქმის განხილვა 19 აგვისტოს განახლდება

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვას საქალაქო სასამართლო 19 აგვისტოს, 11:30 საათზე განაახლებს.
გიორგი სოსანაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაჰკითხეს.
დაიკითხა სოსანაშვილის თანამშრომელი გიორგი წიკლაური და მისი უშუალო უფროსი დავით სულუხია.
როგორც წიკლაურმა განაცხადა, იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე ტელევიზიით გამოდიოდა და გია სოსანაშვილმა, რომელიც ტელევიზორს უყურებდა, თანამშრომლებს უთხრა – ნახე, ამას რა მოუვაო.
როგორც გიორგი წიკლაურმა აღნიშნა, ეს ინფორმაცია, რომ სოსანაშვილმა თანამშრომელს იური ვაზაგაშვილის შესახებ უთხრა, მას საკუთარმა თანამშრომელმა მიაწოდა.
დავით სულუხიას თქმით, ვაზაგაშვილის მკვლელობამდე ორი დღით ადრე მას სოსანაშვილი შეშის ვაუჩერის სამსახურიდან გაეთავისუფლა. როგორც საქმის პროკურორმა, ლაშა ცხვიტარიამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოწმეების აღნიშნული ჩვენებები ადასტურებს იმას, რომ გია სოსანაშვილს, როგორც მისი ადვოკატი ამბობს, მკვლელობის დღეს არ სძინებია და სახლში არ ყოფილა. ამის საპასუხოდ განცხადება გააკეთა სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისში იყო და დანაშაულის დროს მითითებულ 13:00 საათზე სოფელ ყარაფილაში არ იმყოფებოდა. თბილისი კი მან 18:40 საათზე დატოვა. რაც შეეხება გია სოსანაშვილის თანამშრომლის ჩვენებას, რომ ტელევიზიით გამოსვლისას სოსანაშვილმა თქვა – ნახე, ამას რა მოუვაო, სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ ეს არის გადმოცემითი ჩვენება და ეს ინფორმაცია უნდა დაადასტუროს იმ თანამშრომელმა, რომელიც დღევანდელმა მოწმემ ახსენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები