თინა ხიდაშელმა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებიდან 2 პირი სამინისტროში თანამდებობებზე აღადგინა

თინათინ ხიდაშელმა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებიდან 2 პირი თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე აღადგინა.
თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნიდან, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმეზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულნი, თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროში თანამდებობაზე მხოლოდ 2 პირი აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს გარეშე, დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე, მიმდინარე წლის 19 ივნისს გაათავისუფლა. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით წიფურია და კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი არჩილ ალავიძე 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას შეეხებოდა. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა კი კომპანია „სილქნეტი“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს და მომსახურებაში, რომელიც, პროკურატურის შეფასებით, 2 მილიონი ლარის ღირებულებისაა, „სილქნეტმა“ 6 მილიონი ლარი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები