მარიამ ვალიშვილი: ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მომხდარი აფეთქება საქართველოს გაზმომარაგებაზე არ იმოქმედებს

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მომხდარ აფეთქებას საქართველოს გაზმომარაგებაზე არანაირი გავლენა არ აქვს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვალიშვილმა განაცხადა, საქართველოში გაზმომარაგება ამ აფეთქების გამო არ შეიზღუდება.
“ეს მოხდა თურქეთის ტერიტორიაზე, ყარსის პროვინციაში და ჩვენს შემთხვევაში მილსადენის ოპერირებაზე გავლენა ნამდვილად არ აქვს. გარდა ამისა, ამ დღეების განმავლობაში თვითონ მილსადენი ცარიელი იყო, რადგან დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და, შესაბამისად, ამ მომენტისთვის მილსადენი გაზმომარაგებას არ უზრუნველყოფდა. ასე რომ, არც ერთ ნაწილში ჩვენ ეს საფრთხეს რა გვიქმნის”, – განაცხადა ვალიშვილმა.
ასევე, ვალიშვილის თქმით, აგვისტოს ბოლოს ყველა მილსადენი მწყობრში იქნება.
“ჩვენ აგვისტოს თვეს ვიყენებთ ამ სამუშაოებისთვის. 23 აგვისტოდან ისევ „შაჰ-დენიზი“ დაიტვირთება. დარწმუნებული ვარ, რომ იმ მომენტისთვის ავარიაც აღდგენილი იქნება და თვის ბოლოსთვის უკვე ყველა მილსადენი მწყობრში იქნება გეგმური სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად”, – განაცხადა ვალიშვილმა.
აღმოსავლეთ თურქეთში, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქება სამშაბათს დილით ყარსის პროვინციის სარიკამიშის რაიონში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები