ოთარ ჯანელიძე: თუ პირველადი რგოლი არ გვექნება, მედიცინაზე საუბარს აზრი არ აქვს

საქართველოში პირველადი რგოლი ძალიან სუსტია და ეს უმთავრესი პრობლემაა, – ამის შესახებ ენდოქირურგიის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ოთარ ჯანელიძემ განაცხადა.
როგორც ჯანელიძე აღნიშნავს, პირველადი რგოლი ჯანდაცვის სისტემის მთავარი და აუცილებელი ნაწილია და მის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს მედიცინა.
„უმთავრესი პრობლემა ისა არის, რომ ეს რგოლი ძალიან სუსტია საქართველოში. რაც შეიძლება მაღალკვალიფიციური კადრები უნდა იყვნენ ამ რგოლში. ამას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ სწორედ ეს გვიჩვენებს, რა გვექნება ხვალ და ზეგ. თუ პირველადი რგოლი არ გვექნება, მედიცინაზე საუბარს აზრი არ აქვს. სწორად დასმულ დიაგნოზს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ რგოლის მედიკოსები მაღალი კვალიფიკაციის მქონენი და მოტივირებულნი უნდა იყვნენ. პირველ რგოლს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ საკუთარი თავი უზრუნველყოს და შეინახოს. სანაცვლოდ, გამართული პირველადი რგოლი უზრუნველყოფს საზოგადოების ჯანმრთელობის მაღალ ხარისხს და ასევე უზრუნველყოფს ჯანდაცვის სიტემის მთლიან დანახარჯებში პრევენციასა ჯანმრთელი ცხოვრების წესზე გაწეული ხარჯის წილის ზრდას ჰოსპიტალური და მაღალტექნოქნოლოგიური ჩარევების წილის შემცირების ხარჯზე. ასეთი მიდგომა, ერთი მხრივ, გააჯანსაღებს საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ, დაზოგავს და უფრო რაციონალური განკარგვის საშუალებას მისცემს სოციალურ საბიუჯეტო დანახარჯებს“, – განაცხადა ოთარ ჯანელიძემ.
ჯანელიძე ასევე აღნიშნავს, რომ მედიცინის განვითარება ძნელია მაშინ, როდესაც ანაზღაურება ექიმებისა და სამედიცინო მუშაკების დაბალია.
„რაც შეეხება მედიკოსთა შრომის ანაზღაურებას, მოგეხსენებათ, მედიცინაში დღეს ძალიან დაბალი ხელფასებია და აშკარად ვერ მისდევს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს. რაც შეეხება სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ კლინიკებს, ეს უკვე დაფინანსებაზე დამოკიდებული საკითხია, რამდენად შეძლებენ არა კერძო, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კლინიკების გახსნას და განვითარებას“, – აცხადებს ჯანელიძე.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ამ სეგმენტში რეფორმა ჯანდაცვის საყოვეთაო პროგრამის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პარალელურად განხორცილდება.
რეფორმის მიზანი სისტემაში ხარჯეფექტურობის მიღწევა, დასაქმებულთა შრომის ღირსეული ანაზღაურების სისტემის შექმნა, სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და დაავადებათა პრევენციის დონის ზრდის უზრუნველყოფაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები