უკრაინელი დეპუტატები დავით საყვარელიძის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები, „ოპოზიციური“ ბლოკის წევრები აცხადებენ, რომ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს. დეპუტატები საყვარელიძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ. როგორც ბლოკის წევრი ვადიმ რაბინოვიჩი აცხადებს, საყვარელიძემ ტყუილი თქვა, როდესაც ტელევიზიით განაცხადა, რომ მას 10 მილიონი დოლარის ქრთამს სთავაზობდნენ ბიზნესის მფარველობისთვის. „გენერალური პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ პიარის გულისთვის უკრაინაში თავისი კარიერა აშკარა ტყუილით დაიწყო. მე მოვითხოვ თანამდებობიდან მის სასწრაფო გადაყენებას და უმაღლეს რადაში ამისთვის ხელმოწერებს შევაგროვებ. პროკურატურაში ამ ფაქტთან დაკავშირებით სადეპუტატო განაცხადზე მე მიპასუხეს, რომ საყვარელიძემ იმ პირის აღწერა, ვინც ქრთამი შესთავაზა, ზუსტად ვერ შეძლო, ასევე ვერ მიაწოდა ინფორმაცია ამ შემოთავაზების გაკეთების ადგილზე, დროზე და სხვა გარემოებებზე“, – განაცხადა რაბინოვიჩმა.
მისი ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურატურიდან მიღებული წერილის დასკვნით ნაწილში წერია, რომ „გამოძიების დროს შეგროვილი მასალების ანალიზის საფუძველზე საყვარლიძესთვის ნავთობპროდუქტების შემომტანების მხრიდან 10 მილიონი დოლარის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე საფუძვლიანი ეჭვი არსებობს“.
დავით საყვარელიძის გადადგომის მოთხოვნაზე ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ 2015 წლის თებერვალში დაინიშნა. მან პრიორიტეტად პროკურატურის რეფორმირება და კორუფციასთან ბრძოლა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები