თბილისსა და მის შემოგარენში მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის პროცესი იწყება

აღნიშნული პროცესის დეტალებს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი ხვალ ჟურნალისტებს გააცნობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე თბილისის ფერდობებზე ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს დაავადებული ხეების მონიშვნის სამუშაოები.
“დღეის მდგომარეობით მონიშნულია 5508 სხვადასხვა სახეობის წიწვოვანი ხე. დაავადებული და ზეხმელი ხეების ჩანაცვლების პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება და გამოთავისუფლებული ადგილები კლიმატის ცვლილებისა და ადგილობრივი გარემოს მიმართ რეზისტენტული სახეობების ხე-მცენარეებით განაშენიანდება. ჩანაცვლებისას გათვალისწინებული იქნება გასაშენებელი ადგილის სპეციფიურობ. პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის მიერ რეკომენდებულ ადგილობრივ სახეობებს – ქართულ მუხას, რცხილას, იფანს, აკაკის, საპნის ხეს, ნეკერჩხალს და სხვა. ღონისძიებები განხორციელდება კომპლექსურად და გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქში მცენარეთა მავნებელ-დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, ქალაქის მასშტაბით, მცენარეული საფარის ხმობას შეაჩერებს”, – აცხადებენ თბილისის მერიაში. მათივე განმარტებით, 2013-2015 წლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით თბილისის შემოგარენის ფიჭვების კვლევისას დაფიქსირდა შემდეგი მავნებლები: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები, ხარაბუზები, აგრეთვე დაავადების გამომწვევი სოკოები, რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი.
2015 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელდა თბილისსა და მის შემოგარენში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარული მდგომარეობის შეფასება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები