ირაკლი ღარიბაშვილი: მთის გაძლიერება და შენარჩუნება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

მთაში მცხოვრებ ხალხს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ მათზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში მყოფი მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.
როგორც შუამთობის დღესასწაულზე მყოფმა პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის მთის გაძლიერება და შენარჩუნება.
“ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მთის გაძლიერებაა, მთის შენარჩუნებაა. ჯერ კიდევ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დავიწყეთ სამი წლის წინ მთის პროგრამები და ჩვენ დაპირებისამებრ გვინდა გაცნობოთ, რომ უკვე მივიღეთ მთის კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა და მომავალი წლიდან განსაკუთრებულად შეღავათიან და ხელშემწყობ პროგრამებს დავიწყებთ აჭარის მაღალმთიანეთსა და საქართველოს ყველა მთიან რეგიონში. მჯერა, რომ ეს იქნება დიდი სტიმულის მიმცემი აქ მცხოვრები ხალხისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი შუამთობის დღესასწაულზე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე სპირიდონთან და დასავლეთ საქართველოს მუფტთან ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად მივიდა. აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში მყოფი სტუმრები ტრადიციული დღესასწაულის, შუამთობის საზეიმო კონცერტს ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები