ირაკლი ღარიბაშვილი: კახა კახიშვილი პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესს დააგვირგვინებს
კახა კახიშვილი პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესს დააგვირგვინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კახა კახიშვილს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს როგორც სახელმწიფო სამსახურში, ასევე არასამთავრობო სექტორში.
„კახი კახიშვილი გახლავთ ორი შვილის მამა, იგი გამოირჩევა თავისი წესიერებით, განათლებით. პროფესიით არის იურისტი. მას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც სახელმწიფო სამსახურში მუშაობის, ასევე არასამთავრობო სექტორში მუშაობის. ის მუშაობდა შს სამინისტროში, ასევე პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში. მას ყველა ძალიან კარგად ახასიათებს. მან თავი დაიმკვიდრა როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და ობიექტურმა ექსპერტმა.
ის 2014 წლის ოქტომბრიდან სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის პროცესში სამოქალქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება, ეს სისტემა კიდევ უფრო ღია გახდება ყველასთვის და ახალ ეტაპზე გადავა ის რეფორმები, რომელიც ჩვენ დავიწყეთ სოზარ სუბარის დროს, შემდეგ ბატონმა გიორგიმ გააგრძელა, ახლა უკვე ბატონი კახა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ამ სისტემის რეფორმირების პროცესს დააგვირგვინებს. მე მინდა ორივეს ვუსურვო წარმატებები და მჯერა, რომ უწყებები, რომლებიც მათ ჩაიბარეს, გახდება სამაგალითო ჩვენი მთავრობის“, – განაცხადა პრემიერმა.