ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრობას წარმატებით გაართმევს თავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობას წარმატებით გაართმევს თავს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე შს მინისტრის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მღებრიშვილის დამსახურებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უამრავი რეფორმა გატარდა. მისივე თქმით, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა აღმოიფხვრა.
„გიორგი იყო მართლაც ძალიან წარმატებული მინისტრი. თქვენ იცით, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ჩვენ ყველაზე რადიკალური რეფორმა განვახორციელეთ, ჩვენ სტრატეგიულად და შინაარსობრივად მთლიანად შევცვალეთ სისტემა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოიფხვრა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, წამება, სისატიკე, არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული პრაქტიკა სააკაშვილის დროს. ჩვენ სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ სისტემის რეფორმა, ეს სწორედ ბატონი გიორგის დამსახურებაა და მისი გუნდის.
მე მინდა ასევე ავღნიშნო, რომ მას ჰქონდა დაწყებული მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი. მე პირადად ვიმყოფებოდი ამ რეფორმის ამსახველ რამდენიმე ღონისძიებაზე მათ შორის სასჯელაღსრულების ახალი დაბალი რისკის დაწესებულების და სრულიად თანამედროვე მართვის ცენტრის გახსნაზე. გოგამ გააუქმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მთლიანად გარდაქმნა ეს სტრუქტურა, ასევე მოხდა მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით და რაც ძალიან მნიშნელოვანია ჩვენთვის ყველასთვის, პირველად სახელმწიფო ხარჯავს მილიონობით ლარს პატიმრების მკურნალობისთვის.
ასევე ბატონი გოგა არის ინიციატორი პროექტის, რომელიც ინოვაციურია ამ სისტემაში. კერძოდ, მე ვგულისხმობ ელექტრო სამაჯურებს, პატიმრების მონიტორინგს, მათ შეეძლებთ შიდა პატიმრობაში იყვნენ და ამ სისტემას ბატონი კახა დანერგავს უკვე“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, გიორგი მღებრიშვილი არის წესიერებით გამორჩეული ადამიანი.
“გოგა არის ორი შვილის მამა, წესიერებით გამორჩეული. პროფესიით სამართალმცოდნეა, ამ სფეროში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა როგორც პოლიციაში, ასევე ფინანსურ პოლიციაში, საგამოძიებო სამსახურებში, ასევე მუშაობდა შემოსავლების სამსახურში. იგი არის ძლიერი მენეჯერი და ზუსტად იცის რა ჭირდება დღევანდელ ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენს პოლიციელებეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის განაგრძობს შსს რეფორმირების პროცესს და ამ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები