შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა მინისტრის  თანამდებობა გიორგი მღებრიშვილმა დაიკავა. მღებრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.

შს მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილმა ვახტანგ გომელაური შეცვალა, რომელიც დღეიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უხელმძღვანელებს.

გიორგი მღებრიშვილი 2014 წლის 22 ივლისიდან დღემდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

გიორგი მღებრიშვილი 1970 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა. 1990-1996 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა – სამართალმცოდნეობა. მან კარიერა 1997 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სტაჟიორობიდან დაიწყო. 1998-2004 წლებში მუშაობდა შს სამინისტროში, გამომძიებელად; 2004-დან 2007 წლამდე იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის გამომძიებელი;

2007-2008 წლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსი;

2008 წლის მარტში გადაიყვანეს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო ოპერაციების დამუშავების განყოფილების უფროსად, საიდანაც 3 თვეში დააწინაურეს და დაინიშნა შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის უფროსის მოადგილედ. 2010 წელს, გადაიყვანეს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის უფროსის მოადგილედ;

2011 წლის იანვარში, შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დასავლეთის პორტალის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა, სადაც 4 თვე იმუშავა. იმავე წელს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

2012 წლის ივლისიდან ნოემბრამდე იყო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2012-2013 წლებში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი;

2013 წლის აპრილში დაინიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, სადაც 2013 წლის სექტემბრამდე მუშაობდა. სექტემბერში მღებრიშვილი დაინიშნა შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ამ თანამდებობაზე 2 თვე იმუშავა. ნოემბერში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩევლად დაინიშნა, სადაც 1 თვის განმავლობაში მუშაობდა.

2013 წლის დეკემბერში მღებრიშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები