დავით ნარმანიამ ღამით მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ღამით დედაქალაქში მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების კვეთაზე, გმირთა მოედნისა და ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს დავით ნარმანია მერის მოადგილესთან გიორგი სოლომონიასა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან ავთანდილ სუდაძესთან ერთად გაეცნო.
კოსტავას ქუჩა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან სანაპირომდე („ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ) 40 000 კვ.მ. გზა კაპიტალურად კეთდება. მოიხსნა ძველი, დაზიანებული ასფალტის საფარი და მოეწყო ახალი ბაზალტის ბორდიურები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის ქვედა ფენის დაგება, რის შემდეგაც მოეწყობა საფარის ზედა ფენა.
თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების კვეთაზე, სულ 11 000 კვ.მ.-ზე მოხსნილია ძველი და იგება ახალი ასფალტო-ბეტონის საფარი.
ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე კი მიმდინარეობს დაზიანებული საფარის მოხსნა, რის შემდეგაც 9 000 კვ.მ.-ზე მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი.
დავით ნარმანიას თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზის მონაკვეთებზე, ასევე სხვა 20-მდე ქუჩაზე.
„ინტენსიურად ვიმუშავებთ სექტემბრის შუა რიცხვებამდე, რათა გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული პრობლემები აღმოიფხვრას და ქალაქი გაცილებით უფრო მოწესრიგებული გახდეს, ვიდრე დღესაა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები