გიორგი მარგველაშვილი: მე ფიცი დავდე არა “ქართული ოცნების”, არამედ სახელმწიფოს წინაშე

მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა “ქართული ოცნების”, არამედ სახელმწიფოს წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, როდესაც ის დაინახავს, რომ რაიმე ტიპის კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს, ღიად იტყვის სიმართლეს.
“როდესაც მე დავინახავ, რომ რაიმე ტიპის კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს, მე არ შევშინდები, არ გავალ ბუჩქებში, არ ვიტყვი, რომ ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ და ამიტომ არ ვიტყვი სიმართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვება პოლიტიკური კამპანიები, ღიად ვიტყვი სიმართლეს, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს კარგია საქართველოსთვის. შეიძლება ეს არ იყოს კომფორტული მმართელი გუნდისთვის, მაგრამ მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი. პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა “ქართული ოცნების” წინაშე, არამედ საქართველოს მოქალაქეების წინაშე, სახელმწიფოს წინაშე; რომ ემსახურებოდა არა პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, აგიტაცია, რომ ვეტოების დადებით, პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობასთანაა” შეკრული, ოპოზიციურ პარტიას გააძლიერებს.
„ჩემი პოლიტიკური წარსული გარკვეულწილად მამძიმებს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ნათქვამი მაქვს. დღეს ვერ გამოვალ და ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესში ხელისუფლების ჩარევა ახლა უკვე მისაღებია. თუ მოახერხებენ და დააჯერებენ მოსახლეობას, რომ მე „ნაციონალური მოძრაობასთან“ შეკრული ვარ, ამით სერიოზულ ზიანს მიაყენებენ საკუთარ თავს და სერიოზულად გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ითვალსწინებს, ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები