“პლომბირი გურჯაანის ნაყინი” და “საოჯახო ვანილი პინგო” დაბინძურებული აღმოჩნდა
momxmarebeli.ge-მ ნაყინების შემოწმება ჩაატარა. ლაბორატორიული ანალიზით გაირკვა, რომ “საოჯახო ვანილი პინგო” და “პლომბირი გურჯაანის ნაყინი” კოლიფორმებით დაბინძურებული აღმოჩნდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, momxmarebeli.ge-მ წინა წლებში ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, მომხმარებელთა საჩივრების საფუძველზე არართხელ მოახდინა ბაზარზე არსებული ქართული წარმოების ნაყინების შემოწმება.
2015 წლის 22 ივლისს, მაღაზიებში “ფრესკო”, “გუდვილი საბურთალოზე” და “ნიკორა”, შეიძინეს ნაყინები: 1. “საოჯახო ვანილი პინგო” – 24.06.15 – 24.12.15; 2. “ვანილის პლომბირი პოპი” – 16.06.15 – 16.06.16; 3. “თოლია, საოჯახო ვანილის პლომბირი” – 17.07.15; 4. “ბარამბო ვანილის ნაყინი” – 15.06.15 – 15.06.16; 5. “პალომა ნაყინი კრემ-ბრულე” – 02.07.15-02.01.16.
მათი ცნობით, ნაყინები სპეციალური მაცივარ-კონტეინერით ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.
“23 ივლისს მაღაზია “ზღაპარში” შევიძინეთ “პლომბირი გურჯაანის ნაყინი”, გამოშვების ვადა 31.05.2015. ეს ნაყინიც მაცივარ-კონტეინერით მივიტანეთ იმავე ლაბორატორიაში ანალიზისათვის.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით ნაყინები: “ვანილის პლომბირი პოპი” , “თოლია, საოჯახო ვანილის პლომბირი” ,”ბარამბო ვანილის ნაყინი” ,”პალომა ნაყინი კრემ-ბრულე” მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაშია, ხოლო ნაყინები “საოჯახო ვანილი პინგო” და “პლომბირი გურჯაანის ნაყინი” კოლიფორმებით დაბინძურებული აღმოჩნდა.
გაიგზავნა წერილები შპს “აის”-თან, შპს “4 ბროს”-თან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში (წერილი 1, წერილი 2)“, – აღნშნულია ინფორმაციაში.
momxmarebeli.ge განმარტავს, რომ ქარხნულად დახუფულ პროდუქტში კოლიფორმების აღმოჩენა პროდუქტის წარმოების პროცესში ჰიგიენის დარღვევაზე მიუთითებს და მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის უშუალო საფრთხესთან დაკავშირებული არ არის.