მოქალაქე ივანე მახარაშვილს 2010 წელს იძულებით დათმობილი ქონება დაუბრუნდება

მოქალაქე ივანე მახარაშვილს 2010 წელს იძულებით დათმობილი ქონება დაუბრუნდება, – ამასთან დაკავშირებით დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განცხადებები გაკეთდა.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
“ჩვენ გვაქვს მომართვა ეკონომიკის სამინისტროდან და გენერალური პროკურატურიდან მოქალაქე ივანე მახარაშვილისთვის 2010 წელს იძულებით დათმობილი 1020 კვ.მეტრის სახელმწიფოზე დაბრუნების თაობაზე, რათა შემდგომ სახელმწიფომ ბატონ ივანე მახარაშვილს აღნიშნული ქონება დაუბრუნოს. აქვე მინდა მოგახსენოთ, როდესაც ბატონ ივანე მახარაშვილს დაათმობინეს ეს ქონება, მისი შვილი დაჭერილი იყო ციხეში. შესაბამისად, იმდროინდელი პროკურორის პირველი მოადგილის განკარგულებით მოხდა აღნიშნული დათმობა.
ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერია აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული და, რა თქმა უნდა, მომართვა, რომელიც განხორციელდება გენერალური პროკურატურიდან და ეკონიმიკის სამინისტროდან, ჩვენი მხრიდან მყისიერად აღსრულდება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რის შემდეგაც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ამ და მსგავსი საკითხების ბოლომდე გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ისევე როგორც ამ საკითხს, სხვა ყველა მსგავს საკითხსაც უნდა ბოლომდე ჩავყვეთ, რაც თავის დროზე იძულების წესით დაათმობინეს, იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად ყველა ის საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ და მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში ჩვენს თანამოქალაქეებს”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები