14 დევნილი ოჯახისათვის სახლები აშენდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა 14 დევნილ ოჯახს წერილები გადასცა, რითაც დასტურდება, რომ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელ სახლებს აუშენებენ.
პროექტს დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ახორციელებს.
სახლების მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნულ პროექტში, აპლიკაციის შევსება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეეძლოთ, რომლებსაც საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გააჩნიათ.
კერძო სახლები დევნილების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენდება.
საცხოვრებელი სახლების ფართობი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.
დევნილი ოჯახებისათვის სახლების აშენების დამადასტურებელი წერილების გადაცემის ღონისძიებას სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია, აფხაზეთის მთავრობის მეთაური ვახტანგ ყოლბაია, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი სვენდ მონრად გრაუნბოელი და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი მენეჯერი თამარ წივწივაძე დაესწრნენ.