„რეფორმატორები“ კახა კალაძეს განსხვავებული აზრის მოსმენის გამო მადლობას უხდიან

პარტია „რეფორმატორების“ ლიდერს ირაკლი ღლონტს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გამო აქციების დაწყება არასწორად მიაჩნია და ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს შეხვედრისა და განსხვავებული აზრის მოსმენის გამო მადლობას უხდის.
როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, კახა კალაძესთან შეხვედრისას ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაძვირების თაობაზე რამდენიმე საკითხი სიღრმისეულად განიხილეს.
ირაკლი ღლონტის განცხადებით, ქუჩაში გადასული ნებისმიერი პროცესი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებაა.
“მიუხედავად ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულებისა, არ ვარ, ჩემი ცალკეული კოლეგების მსგავსად, რევანშისთვის განწყობილი და ხალხის ქუჩაში გამოყვანის იდეის მატარებელი. ვფიქრობდით, რომ შესაძლებელი იყო ტარიფის გაზრდისგან თავის აცილება და მიგვაჩნდა, რომ მთავრობას სიღრმისეულად უნდა ემსჯელა, რამდენად სამართლიანი იყო “ენერგო პრო ჯორჯიას” მოთხოვნა და ხომ არ იყო ეს შანტაჟის შემცველი. ჩვენთვის, “რეფორმატორებისთვის” გაუგებარი იყო რას გულისხმობდა სემეკის თავმჯდომარე ,,სამართლიან ტარიფში“,- განაცხადა ირაკლი ღლონტმა და აქვე დასძინა, რომ ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ბიუჯეტიდან სუბსიდირების თემასთან დაკავშირებითაც იმსჯელეს და კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ აღნიშნულ საკითხში მათი მოსაზრებები დაემთხვა.
“მოხარული ვარ, რომ ამ ნაწილში განსაკუთრებით დაემთხვა ჩვენი მოსაზრებები, იმის თაობაზე, რომ სუბსიდირება ქვეყნის ბიუჯეტისათვის მძიმე ტვირთია, სხვა სოციალურ პროექტებთან ერთად, თუმცა დღეს სხვა გამოსავალი სოციალურად დაუცველი პირებისათვის არ რჩება. ტარიფების გარდა, ვისაუბრეთ რეგიონალურ პრობლემებზე, განსაკუთრებით კი გურიის რეგიონში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე. მივესალმები და მადლობას ვუხდი ყველა იმ საჯარო მოსამსახურესა და პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომელიც მზად არის კონსტრუქციულ ფარგლებში ითანამშრომლოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან, მათ შორის პოლიტიკურ ოპოზიციასთან”, – განაცხადა ღლონტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები