მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მოსახლეობას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ახალი სერვისცენტრი ემსახურება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სერვისცენტრი ახალ მისამართზე გადავიდა.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი რაიონული ოფისი, რომელიც ამჟამად უკვე ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ, რევაზ ლაღიძის N2-ში მდებარეობს, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში 48 000-მდე აბონენტს გაუწევს მომსახურებას.
მთაწმინდა-კრწანისის სერვისცენტრი, კომპანიის სხვა რაიონულ ოფისებთან ერთად, თბილისელებს ეხმარება წყალმომარაგება-წყალარინებასთან დაკავშირებული იმ ტიპის საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა: ახალ აბონენტად რეგისტრაცია, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა და გადახდის ქვითართან თუ მიმდინარე გადასახადის დაფარვასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის გარკვევა, დავალიანების თანხის რესტრუქტურიზაცია, დარიცხული თანხის გადატანა სხვა მისამართზე, მრიცხველთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრა და სხვ.
ახალი სერვისცენტრი, ისევე როგორც კომპანიის სხვა რაიონული ოფისები, კვლავაც მოემსახურება დავალიანების რესტრუქტურიზაციის პროგრამას და მთაწმინდა-კრწანისის რაიონში მცხოვრებ აბონენტებს დავალიანების გასასტუმრებლად ხელსაყრელ ინდივიდუალურ პირობებს შესთავაზებს.
დღეისათვის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ყველა რაიონული სერვისცენტრი განახლებულ რეჟიმში ფუნქციონირებს, ამასთან შექმნილია ყველა პირობა ოპერატიული და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები