ბათუმის ნავსადგურში თურქეთის საზღვაო უნივერსიტეტის საწვრთნელი გემი შემოვიდა

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თურქეთის საზღვაო უნივერსიტეტის საწვრთნელი გემი „პირირეისი“ შემოვიდა, რომელმაც ბათუმში 200–მდე სტუდენტი ჩამოიყვანა.

თურქი სტუდენტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და პროფესორ–მასწავლებლებთან ერთად პრაქტიკულ წვრთნებს გაივლიან.
საწვრთნელი გემი ბათუმის ნავსადგურში ორი დღის განმავლობაში გაჩერდება. 29 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სტუმრები გაეცნობიან ორი ქვეყნის უნივერსიტეტის ძირითად და დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურებს, დაათვალიერებენ აკადემიაში მოქმედ ლაბორატორიებს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და შესაბამის სიმულატორებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ და თურქეთის საზღვაო უნივერსიტეტმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. მათ შორის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილები სგაზიარების მიზნით.
ორი ქვეყნის საზღვაო უნივერსიტეტს შორის დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც სამომავლოდ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყოფს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი შესაბამისი სტრუქტურები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ქართველი მეზღვაურების განათლების შესაბამისობას აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ადგილობრივი სპეციალისტების პროფესიული იმიჯის ამაღლებასა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები