გიგი უგულავა ციხის ექიმს ემშვიდობება – „უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ, ნახვამდის გაგყვება“
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხის მთავარი ექიმის, ირაკლი მურჯიკნელის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. გიგი უგულავა მკურნალ ექიმს მადლობას უხდის.
როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, ციხის ექიმს ირაკლი მურჯიკნელს გულმა 26 ივლისს უმტყუნა და გარდაიცვალა. დედაქალაქის ყოფილი მერი იმ საღამოს იხსენებს, როდესაც პატიმარმა უგულავამ ექიმთან უკანასკნელად ისაუბრა.
„კვირას 26 ივლისს, აქ ჩვენს სამყოფელში, მატროსოვზე, უეცრად ჩვენი მთავარი ექიმი ირაკლი მურჯიკნელი გარდაიცვალა. 54 წლის ასაკში მას გულმა უმტყუნა. ისევე როგორც მისი თაობის თითქმის ყველა ექიმი, ირაკლი უზომოდ იყო შეყვარებული თავის საქმეზე, მაგრამ არასდროს უფრთხილდებოდა თავის ჯანმრთელობას.
მან 22 წელი იმუშავა საქართველოს ციხეში ექიმად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა თაობის და ხელისუფლების პოლიტიკის პატიმრებს შეესწრო. თქვენც გაგისტუმრებთ და მეც წავალ – ხშირად ამბობდა.
უცნაური თვისება ჰქონდა. მთელი საღამო იჯდა და საუბრის პარალელურად ახალი წამლების რეცეპტებს იწერდა ბლოკნოტში. როგორც მოსკოვის სკოლაგამოვლილი ამას რუსულად, საოცარი კალეგრაფიით აკეთებდა. დღე არ გავიდოდა, რომ ამ უცნაური საქმიანობის გამო არ გამეხუმრა. ასე უკეთ ვიმახსოვრებო – მშვიდად მპასუხობდა.
ციხეს ჩვეულებრივ ცხოვრებასთან შედარებით, ერთი უპირატესობა აქვს. ზუსტად იცი, რა იქნება ხვალ, ზეგ. რომელ საათზე და წუთზე რას იზამ, რას იფიქრებ. ეს ციხის ერთგვარი სიმყუდროვეა.
მეც ასე, ყოველ საღამოს, 11:00 საათზე ვეუბნებოდი ირაკლის ხვალამდე და ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ხვალ იქნებოდა, თანაც როგორი იქნებოდა. ასევე ვიცოდი -ა სე იქნებოდა ზეგ, მას ზეგ …… ხვალამდე.
25 ივლისს, საღამოს ვლადიმერ ვისოცკიზე ვისაუბრეთ. მისი გარდაცვალებიდან 35 წელი გავიდა. მაშინ მოსკოვში სწავლობდა და მიყვებოდა გასვენების ამბებს. მაინც საბჭოთა კაცი ხარ – ღიმილით ვუთარი და ხვალამდე დავემშვიდობე.
მე ისევ ვიცი ზუსტად აქ რა იქნება ხვალ, ზეგ. მხოლოდ ერთი, აღარასდროს გეტყვი ხვალამდეს. ნახვამდის.
მადლობა ერთად გატარებული ამ ერთი წლისთვის და უანგარო მეგობრობისთვის. უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ. ვერც ვერავის გავუზიარებ აქ წუხილს, ამიტომაც დაგიწერე ეს სიტყვები, რომელიც ნახვამდის გაგყვება“, – წერს უგულავა.