„თელასი“: ოლიმპიადაზე დენის გათიშვა ელექტროხაზზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია
„თბილისი2015“-ის ფარგლებში ძიუდოს შეჯიბრების დროს დარბაზისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით კომპანია „თელასი“ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დენის გათიშვა ელექტროხაზზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.
როგორც “კვირას“ თელასიდან აცნობეს, დღეს, 12:35 საათზე ავარიულად გამოირთო 110-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი “დიღომი 102”, რომლითაც ელექტროენერგია ქვესადგურ “დიღომი-1”-ის მომხმარებელს მიეწოდებოდა.
მათივე ინფორმაციით, ავარიის გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდა საბურთალოს რაიონის დაახლოებით 15 ათას აბონენტს, მათ შორის ოლიმპიურ ობიექტს – ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზს.
“ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის 13 წუთში, 12:48 საათზე სარეზერვო კვებაზე გადართვით აღდგა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე ავარიის მიზეზების დასადგენად და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად სს “თელასის” ტექნიკური სამსახური მუშაობს”, – აცხადებენ “თელასში”.