„ვერეს კალაპოტში გზის დროებით აღდგენა უაზრო ქმედება და ფულის ფუჭი ხარჯვაა“
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძე ვერეს კალაპოტში ვაკე- საბურთალოს გზის დაზიანებული მონაკვეთის დროებით აღდგენას ეწინააღმდეგება. „უაზრო ქმედება და ფულის ტყუილად ხარჯვა“,- ასე შეაფასა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა გზის აღდგენისთვის დაწყებული სამუშაოები.
მისი განცხადებით, დროებითი გზის აღდგენაზე თანხის ხარჯვის ნაცვლად, რეკრეაციული ზონის შექმნაზე უნდა დაიწყოს მუშაობა და გზის განტვირთვისთვის განივები გაკეთდეს.
„რატომ უნდა აღდგეს ვერეს კალაპოტში დაზიანებული გზის მონაკვეთი, თუნდაც დროებითად და რატომ უნდა დავხარჯოთ ამაზე თანხები, როცა პირდაპირ შეიძლება რეკრეაციული ზონის შექმნის სამუშაოები დავიწყოთ და ცენტრალური პარკი გაშენდეს. პარკის გაკეთების პროცესის პარალელურად უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ ამის გამო სატრანსპორტო კოლაფსი არ წარმოიქმნას. ამ გზის თუნდაც დროებით აღდგენას აზრი არა აქვს, მაგალითად, ვაკიდან ხილიანამდე გზის მსგავსი გადამკვეთები და შემაერთებლებია საჭირო, უნდა გაკეთდეს განივები, რომლებიც განტვირთავს მოძრაობას. ეს ცენტრალური გზა თითქოს მანქანების ნაწილის განტვირთვას ახდენდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა ღონისძიებებითაც შეიძლება ცენტრალური გზების გადატვირთვის თავიდან აცილება. პირველ რიგში, თავიდან დასაგეგმია მოძრაობები. სწორად უნდა მოხდეს ნაკადების გათვლა, მოძრაობის შემაფერხებელი ბევრი ფაქტორი არსებობს, მათ შორის კი ერთ-ერთი ფაქტორი არასწორად მოწესრიგებული შუქნიშნებია“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.