თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძემ.

კვლევა ჩინურ მხარესთან ერთად განახორციელა პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფმა (PMCG) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

კვლევის ჩატარება გადაწყდა 2015 წლის მარტში საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტისას, რომლის დროსაც ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ერთობლივ განცხადებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ.

ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა და ძირითად ათეულში მე-4 ადგილზეა. 2015 წლის იანვარ – ივნისში ექსპორტმა 55,50 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა ძირითადად სპილენძის მადნების, ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების ხარჯზე.

საექსპორტო პროდუქციიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის ექსპორტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. ამჟამად ღვინის ექსპორტში, ჩინეთი 7%-იანი წილით მე-5 სავაჭრო პარტნიორია რუსეთის, ყაზახეთის, ევროკავშირის და უკრაინის შემდგომ.

ღონისძიებას ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, აგრეთვე სხვა ოფიციალური პირები და საქართველოში მოქმედი ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები