ბაღჩეული კულტურების რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს
საზამთროს მოსავლის აღების სეზონის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ოპერატიული მონაცემებით, გამარტივებული საბაჟო რეჟიმით ექსპორტირებულია 50,5 ტონა საზამთრო და ნესვი (2015 წლის 20 ივლისის მდგომარეობით). ბაღჩეული კულტურების ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ზრდადია მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც. ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, რაც ასევე ხელს უწყობს რეალიზაციის მასშტაბების ზრდას.
საქართველოში 2015 წელს ზოგადად მოსავლიანობის ზრდა, გარდა ხელშემწყობი კლიმატური პირობებისა, სწორი სახელმწიფო აგრარული პოლიტიკის შედეგია (მათ შორის, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების დამონტაჟება, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი).
სახელმწიფო თავად ვერ გახდება რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ექსპორტიორი ან ფასის განმსაზღვრელი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან შექმნილია ყველა პირობა, რათა ექსპორტის პროცესი შეუფერხებლად განხორციელდეს.
საქართველოს თურქეთსა და უკრაინასთან თავისუფალი, ხოლო დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანასთან შეღავათიანი ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. ევროკავშირთან მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პირობებით გათვალისწინებული რეჟიმი (DCFTA), რაც გულისხმობს საქართველოდან ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თავისუფალ შეღწევას ევროკავშირის ბაზარზე.