ბრალდების მხარე კახა მამულაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს

მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლის კახა მამულაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე ბრალდების მხარეს – პროკურატურას თბილსიის საქალაქო სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. ამის შესახებ „კვირას“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, სასამართლოს ბრალდების მხარემ აღმკვეთი ღონისძიების შუამდგომლობით 48 საათში უნდა მიმართოს. სავარაუდოდ, პროკურატურა საქალაქო სასამართლოს ოფიციალურად დღეს მიმართავს.
კახა მამულაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად რა შუამდგომლობას დააყენებს ბრალდების მხარე ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. გუშინ დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ.
კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).
გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები