არჩილ ხაბაძემ აჭარელ მუსულმანებს ბაირამის დღესასწაული მიულოცა

 

მუსულმანური სამყარო დღეს რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, დღეს დილით ბათუმის მეჩეთში მივიდა, მუსულმანებს ბაირამის დღესასწაული მიულოცა და სიკეთე უსურვა.

“ყველა მუსლიმანს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. განსაკუთრებით ვულოცავ აჭარაში მცხოვრებ მუსლიმანებს, ასევე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს და მთელ მსოფლიოში ყველა მუსლიმანს. ძალიან რთული პერიოდია, 29 დღის განმავლობაში თითოეული მუსლიმანი ემსახურება ღმერთს. ამ დროს ხდება პატივის მიგება და ქველმოქმედება გაჭირვებულების მიმართ. ყველა მუსლიმანი არის კეთილი და ღვთის წინაშე პასუხისმგებლობით აღჭურვილი. ამიტომ, მარხვის დღეები განსაკუთრებული დღეებია. მუსლიმანებს ვუსურვებ წარმატებებს, სიყვარულს, ბედნიერებას, ყველა მუსლიმანი მინდა იყოს ჯანმრთელი და ჰქონდეს სიკეთე და ბედნიერება. გუშინ პრემიერ-მინისტრის ეგიდით ჩატარდა ბოლო ვახშამი და მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ყოველთვის გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც საჭიროა ჩვენს ქვეყანაში ყველა აღმსარებლის მიმართ პატივისცემის, მათი მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
წელს მარხვა 18 ივნისს დაიწყო და რამაზან ბაირამის დღესასწაულით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები