რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის პირველი დღე ანშლაგით დახურა სპექტაკლმა – „ნავიგატორი“ – ვიდეო

 

„იმედი მაქვს, ძალიან მალე სპექტაკლებს, რომლებიც სოხუმის თეატრებმა დღეს წარმოგვიდგინეს, აფხაზეთში ვნახავთ“, – ამ სიტყვებით დაასრულა რეგიონალური თეატრების პირველი საერთაშორისო ფესტივალის პირველი დღე ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ. რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის პირველი დღე აფხაზეთს დაეთმო. მაყურებელმა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ორი სპექტაკლი ნახა.

ფესტივალის პირველი დღე ანშლაგით დახურა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, რეჟისორ დავით საყვარელიძის სპექტაკლმა „ნავიგატორი“, რომელიც ლაშა ბუღაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიდგა.
mze2

ლაშა ბუღაძის პიესა „ნავიგატორი“ 2011 წლის „ბი-ბი-სისა“ და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართული რადიოპიესების კონკურსის გამარჯვებულია. ამავე წლის ბოლოს დაიდგა „ბი-ბი-სის“ რადიოში და მასში ბრიტანელი მსახიობები მონაწილეობდნენ. „ნავიგატორი“ – ეს არის ფანტასტიკა ადამიანზე, რომელსაც გარკვეული კომპლექსები აქვს. პიესის მთავარი გმირი მამაკაცია, რომელიც ჩაკეტილია და სხვებთან კომუნიკაცია უჭირს. თუმცა, ერთი შემთხვევა ცხოვრებას მთლიანად შეუცვლის. სამსახური მას ისეთ მანქანას მისცემს, სადაც ნავიგაციის სისტემაა დამონტაჟებული. ნავიგატორს ქალის ხმა აქვს. თავიდან ის ფორმალურ რჩევას იძლევა, შემდეგ მათი დიალოგი ჩვეულებრივ ტექნიკურ კონტაქტს სცდება და იქამდე მიდის, რომ მათ შორის გრძნობა ჩნდება.
mze3

სპექტაკლებს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი.

შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის -„დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა. აქვე გეტყვით, რომ ფესტივალის მეორე დღეს სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეჟისორ ირაკლი ადამიას სპექტაკლით – „ათვინიერებენ მიმინოს“ გააგრძელებს, რომელიც ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დაიდგა.
mze4
mze5
mze6

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები