თბილისის მთავრობის სხდომაზე აფეთქების შედეგად დაზარალებულთა ბედს განიხილავენ
თბილისის მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე გლდანის გამგებელმა აღნიშნა, სწორედ სხდომაზე გაირკვევა გლდანში აფეთქების შედეგად გამოწვეული ზარალი და მოხდება მისი დათვლა. ქარცივაძის ინფორმაციით, ყველა ის ოჯახი, რომელსაც დღეის მდგომარეობით საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა, რამდენიმე დღით სასტუმროში იცხოვრებს.
მისივე თქმით, ვიდნაიდან კორპუსი უკვე ავარიულია, მოხდება მოსახლეობის ქირით გაყვანა. როგორც გამგებელმა აღნიშნა, ვინ სად განთავსდება, ამის დადგენა სხდომის დასრულების შემდეგ მოხდება. ამ დროისთვის მათი კვების რეჟიმი და საცხოვრებელი უკვე უზრუნველყოფილია.
„მთავრობის სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება თანხობრივ მონაცემზე. კორპუსის კარკასები არის დაძრული. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი სამუშაოა გასაკეთებელი. ალბათ რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა მოსახლეს ექნება საცხოვრებელი“,- განაცხადა ქარცივაძემ.
გლდანის მე-6 მიკრორაიონის მეორე კორპუსში აფეთქება გუშინ მოხდა, რაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. აფეთქების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. ორი ახალგაზრდა გოგონა მძიმედ დაშავდა, ცოლქმარი კი მსუბუქად,რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაზარალებულებს შორის იყო ორსული ქალბატონიც, რომელსაც დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა პირად ექიმთან კონსულტაცია მაინც გაიარა. კორპუსის შიდა ნგრევის შედეგად 45 ოჯახი დაზარალდა. დაზარალებულები გუშინ გლდანის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა.