პაატა ზაქარეიშვილი: ქართველი ჟურნალისტების ქმედება რუსეთის პროვოკაციაზე წამოგებაა

ამ ახალგაზრდებმა, შესაძლოა, ეს ემოციურად და გულწრფელად გააკეთეს, მაგრამ ეს მაინც არის რუსულ პროვოკაციაზე წამოგება და რუსული პოლიტიკის ხელშეწყობა, – ასე შეაფასა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ქართველი ჟურნალისტების მიერ ბანერის “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი” დემონტაჟი.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადგმული ნაბიჯი კარგად აწონილ-დაწონილი უნდა იყოს. „ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ნაბიჯი კარგად აწონილ-დაწონილი უნდა იყოს, რომ საფრთხეში არ ჩაიგდონ თავიც და იქ, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობაც. ბანერის ამოღება თავისთავად ომის მოგება არ არის. ამ ახალგაზრდებმა, შესაძლოა, ეს ემოციურად და გულწრფელად გააკეთეს, მაგრამ ეს მაინც არის რუსულ პროვოკაციაზე წამოგება და რუსული პოლიტიკის ხელშეწყობა. ანუ სწორედ ეს – პროვოკაციაზე წამოგება სურდა რუსეთს, რათა მისთვის სასურველი რეაგირება მოახდინოს, ეს კი სიტუაციის ესკალაციის და სამხედრო მოქმედებების საფრთხეს შეიცავს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
დღეს მედიის წარმომადგენლებმა ე.წ. მცოცავი ანექსია სოფელ ხურვალეთში გააპროტესტეს და ორჭოსანთან დამონტაჟებული ბანერი წარწერით, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი” ამოიღეს და ხევში გადააგდეს. ეს ის ბანრებია, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები