ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო

გლდანში, საცხოვრებელ კოპუსში ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო, – ამის შესახებ „კვირას“ გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კორპუსის აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. თუმცა, „კვირასთან“ საუბრისას ბესიკ ქარცივაძე ვარაუდობს, რომ გამორიცხულია, ამ მასშტაბის ნგრევა გაზის ბალონს გამოეწვია.

მისი თქმით, ექსპერტიზა დანიშნულია და ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გაირკვევა, რომელი სართულიდან ხდებოდა ბუნებრივი აირის გაჟონვა.

გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, დაახლოებით 35 წლის წინ აშენდა და ე.წ. მოსკოვის პროექტის საცხოვრებელი კორპუსია. კორპუსი ოთხსადარბაზოიანია და 9- სართულიანია.

„აფეთქების შედეგად დაზიანდა მე- 6, მე-5 და მე-4 სართულების შიდა კედლები. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრ რადიუსში საცხოვრებელი კოპუსის ბინებში მინები ჩაიმსხვრა. არ მგონია, რომ ამხელა ნგრევა გაზის ბალონს გამოეწვია, სავარაუდოდ, მოხდა გაზის გაჟონვა. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, ყველაფერს ნათელი მოეფინება. რამდენიმე ბინა გაქირავებულია, ვარკვევთ სხვა დეტალებს. საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის დახმარებით, ვადგენთ თუ ვის ეკუთვნოდა საცხოვრებელი ბინა“, – აღნიშნა ბესიკ ქარცივაძემ.
შეგახსენებთ, რომ გლდანში, მე-6 მიკრორაიონში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. გარდაცვლილები ამ დროისთვის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები