პრემიერმა მერიის 400-მდე თანამშრომელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეტანილი წვლილისთვის მერიის 400-მდე თანამშრომელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, სადაც თბილისში მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა: “13 ივნისი” გაიხსნა. ფოტოგამოფენის ფარგლებში 24 ფოტოგრაფის მიერ 13 ივნისის სტიქიის ამსახველი ფოტოები გამოიფინა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიხსენა 13 ივნისის ტრაგედია და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სამინისტროებს, ასევე მერიის უწყებებს, რომლებიც მისი თქმით შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდნენ და მაღალი პასუხისმგებლობა გამოავლინეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს. პრემიერის განცხადებით, მათ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში განსაკუთრებული წვრილი შეიტანეს.
თბილისის მერის განცხადებით, ასეულობით სახელმწიფო მოხელემ, მათ შორის მერიის უწყებათა თანამშრომლებმა, საბედისწერო საათებში და შემდგომი დღეების განმავლობაში ნამდვილი გმირობა გამოავლინა.
„რომ არა თითოეული თქვენგანის განსაკუთრებული თავგანწირვა, პატრიოტიზმი, საქმისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმი, ასევე მშობლიური ქალაქისადმი განსაკუთრებული სიყვარული, მსხვერპლიც და ზარალიც შესაძლოა, ბევრად მეტი ყოფილიყო! ყველა სამსახურმა განსაკუთრებით თავგანწირვით იმუშავა, მაგრამ მე მაინც მინდა გამოვყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთა მოქმედება, ასევე მერიის სხვადასხვა სამსახურის მუშაკთა მართლაც თავგანწირული და დაუღალავი მონაწილეობა. საზარელმა ტრაგედიამ, რაც ჩვენს ქალაქში დატრიალდა, ბევრი რამ გვასწავლა და ისიც დაადასტურა, რომ თვით ყველაზე მრისხანე სტიქიაც უკან იხევს ადამიანური ღირებულებების წინაშე. თუმცა ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ადამიანებს აღარ დასჭირდეთ გმირობა ქალაქმშენებლობისას დაშვებული მძიმე შეცდომების გამოსასწორებლად“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეტანილი წვრილისთვის მადლობის სიგელი ,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის მოადგილეს დავით დოლიძესაც გადაეცა.
„მადლობის სიგელით ,,თბილსერვის ჯგუფის” ასეულობით თანამშრომელი დაჯილდოვდა. გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და დაფასებისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ პრემიერს და თბილისის მერს. ეს თითოეული მათგანისთვის დამატებითი მოტივაციაა“, – განაცხადა დავით დოლიძემ.
ღონისძიების ფარგლებში თბილისის მერმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად 13 ივნისის სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენაც დაათვალიერა.