საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა ბიუჯეტით განსაზღვრული პროექტების 6 თვის შესრულების ანგარიში მერის მოადგილის – ნინა ხატისკაცისგან, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისა და ასევე ,,ა(ა)იპ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის’’ ხელმძღვანელებისგან მოისმინეს.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვებით როგორც საკრებულოს წევრებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა მიმართეს.
მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ დეპუტატებს მერიის კულტურისა და საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და კვლევების განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები დეტალურად წარმოუდგინა.
კვლევა, რომლის საფუძველზეც სამომავლო გეგმები დაისახა, 57 მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებში ჩატარდა.
ამავე სხდომაზე თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, სახელოვნებო სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების განვითარებასა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, კომისიასთან არსებული სათათბირო ორგანოსა და კომისიის წევრებისგან არაერთი საინტერესო რეკომენდაცია გამოითქვა.
„ა(ა)იპ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა – ზურაბ წერეთელმა 6 თვის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე კულტურის სფეროების მიხედვით დახარჯული თანხების პროცენტული გადანაწილების თაობაზე წარმოადგინა პრეზენტაცია. სხდომის მსვლელობისას კომისიის თავმჯდომარემ – თამარ ტალიაშვილმა მერიის წარმომადგენლებს არაერთი რეკომენდაციით მიმართა. მანვე კომისიისა და სათათბირო წევრებისგან მუნიციპალურ დონეზე კულტურის სტრატეგიის დოკუმეტის შემუშავების პროცესის დაჩქარების, მისი დამუშავებისა და მერიაში გადაგზავნისთვის ორგანიზების გაწევის მიზნით, მათი ხედვებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები