გიორგი კვირიკაშვილმა მინის ტარის საწარმოო პროცესი დაათვალიერა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოფელ ქსანში მდებარე მინის ტარის ქარხანას ეწვია.
გიორგი კვირიკაშვილმა სს „მინას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა და მიმდინარე საწარმოო პროცესი დაათვალიერა.
„ქარხანაში ამჟამად დასაქმებულია 370 ადამიანი. კომპანიამ შარშან დამატებით განახორციელა დაახლოებით 21 მილიონი დოლარის ინვესტიცია და გაზარდა წარმოება. პროდუქტის გამოშვება ხდება არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნების ყველაზე მომთხოვნი ბაზრებისთვისაც. დღევანდელ შეხვედრაზე გვქონდა განხილვა იმ შესაძლო ბერკეტების, რითიც შეიძლება კიდევ შევუწყოთ ხელი ამ წარმოებას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ ასევე მაქსიმალურად მივეხმარებით კომპანიას საექსპერტო ბაზრებზეც, რომ არ ჰქონდეთ რაიმე შეფერხება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სს „მინას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, 1998-2014 წლებში ქარხანაში განხორციელდა დაახლოებით 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აქედან დაახლოებით 21 მილიონი დოლარი ინვესტირებულია 2014 წელს, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, გაეორმაგებინა საწარმოო სიმძლავრე.
2015 წელს კომპანია გეგმავს ასევე დაახლოებით 1 მილიონი ევროს ინვესტირებას. ამჟამად ქარხანას შეუძლია წელიწადში აწარმოოს 60 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების მინის ტარა. ქარხანა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიითა და დანადგარებით. წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 25% აზერბაიჯანის, თურქეთისა და იტალიის ბაზრებზე იყიდება.