„აწარმოე საქართველოში“ – პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა
სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში ლიმონათის ქარხანა „ქართული ლიმონათი“ გაიხსნა.
ახალი საწარმო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. ვიცე-პრემიერთან ერთად ნატახტარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი იმყოფებოდნენ.
კომპანია „ქართული ლიმონათი“ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების მიერ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შეიქმნა. წარმოებაში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში ამჟამად 150 ადამიანია დასაქმებული.
ივლისის ბოლომდე ქარხანა სრული დატვირთვით ამოქმედდება.
„დღეს გაიხსნა სრულიად ახალი ქართული ლიმონათის საწარმო, რომელიც მუშაობს მთლიანად ადგილობრივ ნედლეულზე. თქვენ ნახეთ, რომ ახლა ქარხანაში იბარებენ ადგილობრივ, სეზონურ მოსავალს, ამზადებენ სიროფებს. რომელსაც არასეზონზე გამოიყენებენ. საწარმოში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა იძულებით გადაადგილებული პირები არიან, რომლებიც მიმდებარე დასახლებაში ცხოვრობენ. თითქმის ათი მილიონი ლარია უკვე ინვესტირებული საწარმოში და კომპანია კიდევ გეგმავს გაფართოებას. ძირითადად ეს იქნება ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომპანია „ქართული ლიმონათის“ წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია მხოლოდ ქართული ხილითა და უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებულ, ნატურალურ ლიმონათს შესთავაზებს მომხმარებლებს.
მათი ინფორმაციით, არომატებისთვის საჭირო ნაყენების შესაქმნელად გამოიყენება საქართველოში არსებული ხილის, ციტრუსების და მცენარეების ძველი ჯიშები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული გემოთი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით.
საწარმო თანამედროვე, ევროკავშირის სტანდარტების მანქანა–დანადგარებითა და ლაბორატორიით არის აღჭურვილი. ლიმონათი „ხილიანი“ უმეტესწილად საქართველოს ბაზარზეა გათვლილი, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ინოვაციური საწარმო და პროდუქტის უნიკალურობა ექსპორტის სწრაფი განვითარების საშუალებას იძლევა.