პრემიერ-მინისტრის მადლობის სიგელი გარემოს დაცვის სამინისტროს 547 თანამშრომელს გადაეცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.
პრემიერ-მინისტრის მადლობის სიგელი გადაეცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 547 თანამშრომელს. მათ შორის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებს, რომლებიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღიდან იყვნენ ჩართულნი.
მადლობის სიგელები ასევე გადაეცათ თავდაცვის, თბილისის მერიის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, იუსტიციის, სპორტისა და ახალგაზრდობის, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლებს და ასევე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლებს.
სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში” 13 ივნისის სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენაც დაათვალიერეს. გამოფენაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის სამინისტროს ფოტოგრაფის პაატა ვარდანაშვილის ფოტებიც იყო წარმოდგენილი.