„მემარჯვენეები“, საარჩევნო საკითხებზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში მონაწილეობას მოითხოვენ
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა კაციტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით ახალ გარემოებებზე ისაუბრა.
კაციტაძის განცხადებით, ივლისის ბოლომდე ხელისუფლება გეგმავს პარლამენტში საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოახდინოს. ამ დროისთის პარლამენტში შესულია ინტერპარტიული ჯგუფის ინციტიატივა, თუმცა იმისათვის, რომ მისი ინიცირება მოხდეს, საჭიროა 76 დეპუტატის ხელმოწერა. ამ დროისთვის კი მხოლო 59 ხელმოწერა არსებობს.
„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლის თქმით, ამის პარალელურად კოალიცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით გაფორმდება ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა და მისი შემდგომი პროცედურები დაიწყება. „ სახელისუფლებო ინიციატივა თავისი შინაარსით არის აბსოლუტურად იდენტური იმ წინადადებისა, რომელიც ჩვენ მიერ შემუშავდა. სახელისუფლებო ინიციატივაც თავის თავში მაჟორიტარული ინსტიტუტის გაუქმებას და პროპორციული სისტემის დამკვიდრებას გულისხმობს. განსხვავება თარიღშია. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი ახლა განხორციელდეს და ეს ცვლილება 2016 წლის არჩევნებისთვის ამოქმედდეს, ხელისუფლება კი ამბობს, რომ ეს ცვლილება 2016 წლის არჩევნების შემდეგ ამოქმედდეს. განსხვავებული ხედვა არის მხოლოდ თარიღთან დაკავშირებით, რაც იძლევა იმ დასკვნის საშუალებას, რომ შეღავათებით, რომელსაც არსებული საარჩევნო სისტემა უქმნის ხელისუფლებას, – ესენია მიტაცებული მანდატები, არაობიექტური საარჩევნო სიტემით მან 2016 წლის არჩევნებზეც ისარგებლოს. ნებისმიერ საკონსტიტუციო ცვლილებას თან საერთო საჯარო განხილვა ახლავს. მე მივმართავ ხელისუფლებას, რომ საერთო საჯარო განხილვის ფორმატში იქნება ეს რეგიონებში გასვლები თუ სხვა, მოვითხოვ „ახალი მემარჯვენეებისა“ და ჩემი სხვა კოლეგების სახელით, რომ ხელისუფლებამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური დისკუსია უზრუნველყოს. არ ვიცი, ამას „მრგვალ მაგიდას“ დაარქმევს, კონფერენციას თუ რამე სხვას, მაგრამ საერთო საჯარო განხილვა მინიმუმ ერთი თვე უნდა გაგრძელდეს, ჩვენ უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.