გომელაური ოკუპაციაზე – რის შედეგია და რატომ ხდება ასე, ოპოზიციამ თავის თავს მოჰკითხოს
შს მინისტრ ვახტანგ გომელაური ოპოზიციის იმ განცხადებებს ეხმაურება, რომლის თანახმად, ხელისუფლების შეცდომაა ის, რომ საერთაშორისო რეაგირება არ ხდება ხაზის გადმოწევაზე. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას გმობს.
გომელაურის ინფორმაციით, ბაქო-სუფსის მილსადენს შს სამინისტრო აკონტროლებს და ეს ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.
“რა თქმა უნდა, სამწუხაროა და ჩვენ ვგმობთ ამას. ასეთი აბრები რაც არის, მათი აზრით, რაც გვსაზღვრავს, ძალიან ბევრი დგას სოფლებში. ეს ჩვენთვის პირველი არ არის და უცხო არ არის, რა თქმა უნდა, პროტესტს გამოვთქვამთ და ვგმობთ ამას. შს სამინისტრო ბაქო-სუფსის მილსადენს აკონტროლებს. მათ სახელმწიფოებრივი შეხედულებით ჰგონიათ, ოსური მხარე ამბობს, რომ ჩვენს ტერიტორიაზეაო, თუმცა, ეს საქართველოს ტერიტორიაა. 7 წელი გავიდა, არავინ არ შეხებია ამ მილსადენს, არც ახლა მგონია რაიმე დაზიანება მიიღოს, მიწაშია, სიღრმეშია, არ მგონია, ვინმე მივიდეს და დააზიანოს. თუ ეს მოხდება, შესაძლებელია კილომეტრნახევრის მოქცევა და აქეთ მხარეს გადმოტანა. რეაგირება ხდება და რის შედეგია და რატომ ხდება ასე, ოპოზიციამ თავის თავს მოჰკითხოს, უმჯობესია”, – აღნიშნა შს მინისტრმა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართა. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, განხორციელებული ქმედებების შედეგად კი, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.