კახა კალაძე: პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მძიმე შედეგი გვაქვს
პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან ურთიერთობაში მძიმე შედეგი გვაქვს – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რუსეთთან ახალი ფორმატის შექმნა აუცილებელია და პოლიტიკური გუნდი ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას აპირებს.
„რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის ფორმატს, როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, გვინდოდა, რომ დაგვერეგულირებინა ურთიერთობა რუსეთთან. ამ მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა და წარმატებულიც, თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით. დღეს შეგვიძლია, საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანა რუსეთის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და გლეხებისთვის, თუმცა პოლიტიკური მიმართულებით ძალიან მძიმე შედეგი გვაქვს. ამიტომ, უნდა მოვიფიქროთ რაიმე ფორმატი, ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური მიმართულებით ურთიერთობების დარეგულირებას. ამასთან დაკავშირებით, გუნდში მსჯელობა იქნება, რომ გამოინახოს ახალი ფორმატი. რაც შეეხება საერთაშორისო მისიებს, რა თქმა უნდა, მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ მივაწვდით ინფორმაციებს დიპკორპუსს, რათა მათ გაიგონ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.