„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს“

 

14-15 ივლისს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ვიზიტი განხორციელდება, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ფხალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულ ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ზოლის კიდევ ერთხელ გადმოწევის ფონზე.

“14-15 ივლისს საქართველოში განხორციელდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტუსკის ვიზიტი, რომელიც მისთვის ამ რანგში პირველია. ამ ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების ფონზე, რომელიც განხორციელდა ორი დღის წინ – მხედველობაში მაქვს საოკუპაციო ზოლის კიდევ ერთხელ გადმოწევა. არაერთხელ განგვიცხადებია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყველა საერთაშორისო შეხვედრა იწყება სწორედ ამ თემატიკით. ბუნებრივია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი პროვოკაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ვიზიტი ორდღიანია ის ბათუმში დაიწყება და შემდეგ თბილისში გაგრძელდება.

“ვიზიტი ორდღიანია. ის დაიწყება ბათუმში და ამის შემდეგ გაგრძელდება თბილისში. შეხვედრები გაიმართება, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან. გარდა ამისა, ბატონი ტუსკი შეხვედრას გამართავს შეიარაღებული ძალების იმ კონტინგენტთანაც, რომელიც მონაწილეობს ევროკავშირის კუთხით განხორციელებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები