საგარეო უწყებაში ხვალ დიპლომატებს კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებას გააცნობენ
ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებასთან დაკავშირებულ საკითხს, ხვალ საგარეო საქმეთა სამინისტროში განიხილავენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეულნი. მათ ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებაზე დეტალურ ინფორმაციას მთავრობის წარმომადგენლები მიაწვდიან. შეხვედრა 16:00 საათზეა დანიშნული.
„ხვალ 16:00 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგია, სადაც მოწვეული იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რაც აქ ხდება. რაც შეეხება ნავთობსადენს, ამ მონაკვეთზე გარკვეული სეგმენტი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოყოლილი. ხვალ ბრიფინგზე ეს საკითხიც დღის წესრიგში დადგება“, – განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შალვა ენუქიძემ.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.