მართლმადიდებელური ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელური ეკლესია მოციქულების – პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საზეიმო ლიტურგიას აღავლენს.
პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ხუთკვირიანი მარხვა უძღოდა, პეტრე-პავლობის მარხვა კი, სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.
პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვს კვირას გასტანს, ხოლო ყველაზე მცირეს, შვიდ დღეს. წელს პეტრე-პავლობის მარხვა 8 ივნისს დაიწყო და 12 ივლისს დასრულდება.
პეტრესა და პავლეს, თავისი ღვაწლით, ქრისტეს მოციქულებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. სწორედ ამიტომ ეკლესია მათ “თავმოციქულებად” იხსენიებს.
წმინდა პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა გახლდათ. ქრისტეს ხმობამდე იგი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო. პეტრე ერთ-ერთი იყო, ვინც თაბორის მთაზე უფლის ღვთიური დიდების მოწმე გახდა.
უფლის ამაღლების შემდგომ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი გახდა. იმპერატორ ნერონის ბრძანებით, პეტრე მოციქული შეიპყრეს და განაჩენად ჯვარცმა გამოუტანეს. ვინაიდან პეტრე თავს უღირსად თვლიდა, რომ მისი მასწავლებელივით აღსრულებლიყო, ჯალათებს სთხოვა, თავქვე ეცვათ ჯვარს.
რაც შეეხება წმინდა მოციქულს, პავლეს, იგი ი წარმოშობით ბენიამენის ტომიდან იყო და თავის მოციქულებრივ მსახურებამდე სახელად სავლე ერქვა. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ პავლე ქრისტიანობას აქტიურად ქადაგებდა. ერთ-ერთი გადმოცემით, მან იმპერატორის მეღვინეთუხუცესი მოაქცია, რისთვისაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და თავი მოკვეთეს.
მათი ხსენების დღესასწაული იმთავადვე დაწესდა, IV საუკუნეში კი კონსტანტინე დიდმა რომსა და კონსტანტინეპოლში პეტრესა და პავლეს სახელზე ტაძრები აღმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები