ანდრია გოცირიძემ ISAF-ის მისიის დროს დაჭრილი სამხედროები კიბერუსაფრთხოების ბიუროში მიიღო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო დაჭრილი ჯარისკაცების პროგრამაში კიბერუსაფრთხოების კუთხით ერთვება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ ISAF-ის მისიის დროს დაჭრილი სამხედროები ბიუროში მიიღო. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში, ქალბატონი შერი მიშელი დაესწრო.
შეხვედრაზე დაჭრილ სამხედროებს ბიუროს საქმიანობა, მიზნები და ამოცანები გააცნეს, ასევე წარუდგინეს პრეზენტაცია ქსელური მოწყობილობების უსაფრთხოდ მოხმარების შესახებ. სტუმრებისათვის ბიუროს ტექნოლოგიების ციკლის ვიზუალიზაცია განხორციელდა. სამხედროები პრაქტიკული რჩევების და თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების საკითხით დაინტერესდნენ.
პროექტი საწყის ეტაპზე დაჭრილი სამხედროების შერჩევასა და კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსის სწავლებას, შემდეგ კი ბიუროში დასაქმებას ითვალისწინებს.