დავით ნარმანია თვითმმართველობის თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო
სასტუმრო „ჰუალინგში“ თვითმმართველობის თემაზე გამართულ რეგიონულ კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. კონფერენცია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით გაიმართა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მერებისა და ადგილობრივი საბჭოების როლის შესახებ იმსჯელეს. თბილისის მერმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ურთიერთგამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია.
„სწორედ ამიტომ ევროსაბჭოს რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესმა თბილისში დაგეგმა ეს კონფერენცია, რათა ვიმსჯელოთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების წარმატებულ მაგალითებზე და ამით გავაგრძელოთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების ის გზა, რაც მეტად განვითარებული ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის ბოლოდან დაიწყო და რამაც მნიშვნელოვანი წარმატებები მოგვიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენ აქ არ ვჩერდებით და რეფორმის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ვიმსჯელეთ და მოვისმინეთ ექსპერტების მოსაზრებები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კონფერენციაზე საუბარი შეეხო ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ნდობის გაძლიერებას, მათ მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას და თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერების პერსპექტივებს.