პატრიარქმა ამერიკიდან ჩამოსული ემიგრანტი ბავშვები მიიღო

საპატრიარქოში სტუმრად მყოფი ამერიკიდან ჩამოსული ემიგრანტი ბავშვები საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა.
“თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი სამშობლო საქართველოა. თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ გამოადგეთ სამშობლოს. თქვენ გახსოვთ, კენედიმ რა თქვა: “ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, სამშობლომ რა უნდა გაგვიკეთოს ჩვენ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რა უნდა გავუკეთოთ სამშობლოს. მე არაერთხელ ვყოფილვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს დიდი ქვეყანაა, მდიდარი, თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და უნდა დავრჩეთ მართლმადიდებლება. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა ეკლესიამ. ეკლესია რომ არ ყოფილიყო, ქართველი ხალხი ვერ გადარჩებოდა”, – აღნიშნა პატრიარქმა.
საპატრიარქოში ქართული კულტურის ცენტრ “ფესვების” 47 აღსაზრდელი იმყოფებოდა. პატარებმა პატრიარქთან სტუმრობისას ქართულად სიმღერები შეასრულეს, იცეკვეს, და ანა კალანდაძის ლექსზე შექმნილი სიმღერა: “საქართველოო, ლამაზო” იმღერეს.
პატარებმა სახსოვრად პატრიარქს საჩუქრებიც გადასცეს.
შეხვედრაზე ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ ქართული კულტურის ცენტრ “ფესვების” დამფუძნებელი შორენა ბარბაქაძე, საქართველოს ქალთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ნინო ქოჩიაშვილი და დები ჭოხონელიძეები.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას შორენა ბარბაქაძემ განაცხადა, ქართული კულტურის ცენტრ “ფესვებთან” არსებობს ამავე სახელწოდების სტუდია და ანსამბლი “ფესვები”.
ანსამბლი 2001 წელს დაარსდა. სტუდიაში სულ 110 აღსაზრდელი ქართულ ხალხურ, საესტრადო სიმღერებსა და ცეკვებს სწავლობს, ასევე – ქართულ ინსტრუმენტებზე დაკვრას, ქართულად წერა-კითხვას, ხატვას და სხვა.
ანსამბლის წევრები 12 ივლისს გრიბოედოვის სახელობის თეატრში საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ, სიადანაც შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს მოხმარდება. ანსამბლი “ფესვები”, თბილისის გარდა, კონცერტებს საქართველოს რამოდენიმე ქალაქში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები